რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს 2020 წელს დღგ-ის 19%-იდან ქვემო ქართლში

2029

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება, რომ დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე მეორე წელია, ფინანსდებიან, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტ თანხას კვლავ თვითმმართველი ქალაქი რუსთავი მიიღებს. მისი დაფინანსება მომდევნო წელს, წლევანდელთან შედარებით, 5 მილიონით გაიზრდება. ეს ქალაქი დღგ-ის 19%-იდან 2,65%-ს, ანუ 26 953.6 ათას ლარს მიიღებს. წელს რუსთავის დაფინანსება 2.28% იყო და 21 562.9 ათას ლარს შეადგენდა.

რუსთავის შემდეგ ყველაზე მეტი დაფინანსება მარნეულის მუნიციპალიტეტს ექნება. თუ 2019 წელს მისი დაფინანსება დღგ-ის 19%-ის 1.23%, ანუ 11 629.8 ათასი ლარი იყო, 2020 წელს ის თითქმის სამი მილიონით გაიზრდება და 1.43%, ანუ 14 537.2 ათასი ლარი გახდება.

დაფინანსების მოცულობით მესამე ადგილზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია, რომელსაც გაისად დაფინანსება მილიონ ორასიათასით გაეზრდება. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-იდან 0.53%, ანუ 4 993.3 ათასი მიიღო, 2020-ში ის 0.61% და 6 241.6 ათასი ლარი გახდება.

ასევე 1 200 ათასით გაიზრდება დმანისის დაფინანსებაც. გაისად ეს მუნიციპალიტეტი დღგ-ის 19%-იდან, 0.52%-ის ნაცვლად, 0.61%-ს მიიღებს, რაც თანხობრივად 6 173.8 ათასი ლარი იქნება. წელს ეს თანხა 4 939.0 ათას ლარს შეადგენდა.

468 ათასით მეტს მიიღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტიც. თუ წელს მისი დაფინანსება 1 875.0 ათასი ლარი (0.20%) იყო, 2020-ში ის 2 343.8 ათასი ლარი (0.23%) გახდება.

350 ათასით გაეზრდება დაფინანსება წალკასაც. თუ 2019 წელს მან 1 404.5 ათასი ლარი მიიღო (0.15%), გაისად 1 755.6 ათასს მიიღებს (0.17%).

დღგ-ის 19%-იდან ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას ქვემო ქართლში ბოლნისი მიიღებს, თუმცა, წლევანდელთან შედარებით, ამ მუნიციპალიტეტსაც თანხა მცირედით – 200 ათასით აქვს მომატებული. წელს ბოლნისს დღგ-ის 19%-ის 0.09%, ანუ 875 ათასი ლარი ერგო, გაისად კი ეს თანხა 1 093.8 ათასი ლარი გახდება (0.11%).

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.