2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. პროექტი, სხვა პარამეტრებთან ერთად, ასევე, განსაზღვრავს, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე მეორე წელია, ფინანსდებიან.
წლევანდელის მსგავსად, 2020-შიც შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას გორის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მისი დაფინანსება მომავალ წელს თითქმის 4 მილიონით გაიზრდება. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან გორს 3.01% და 28 511.0 ათასი შეხვდა, 2020-ში პროცენტი 3.19-მდე, თანხა კი 32,418.8 ათას ლარამდე გაიზრდება.
გაიზრდება ხაშურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ 2019 წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-იდან 1.04%, ანუ 9 863.5 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ის 1.21%-ის სახით 12 329,4 ათას ლარს, ანუ თითქმის ორმილიონნახევრით მეტს მიიღებს.
თითქმის მილიონნახევრით მეტი იქნება ქარელის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ წელს მან დღგ-ის 19%-იდან 0.95%, ანუ 9 032.0 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში დაფინანსების პროცენტი 1.03%-მდე, თანხა კი 10 485.1 ათას ლარამდე გაეზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მილიონნახევრით ეზრდება დაფინანსება კასპის მუნიციპალიტეტსაც, ის რეგიონში კვლავაც ყველაზე ნაკლებ თანხას მიიღებს. თუ 2019-ში დღგ-ის 19%-იდან 0.60% და შესაბამისად, 5 682.5 ათასი ლარი ხვდა წილად, 2020-ში მისი დაფინანსება ღგ-ის 19%-ის 0.70%, ანუ 7 103.1 ათასი ლარი იქნება.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.
ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.