კვლევა: რას მალავენ დეკლარაციებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები

1007

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთში 40-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევა 16 მათგანში გამოვლინდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 12 შემთხვევაში დეკლარაცია არასწორად შეავსეს, 11 შემთხვევაში კი ამა თუ იმ კომპანიის საკუთარი წილი სხვისთვის არ გადაუფორმებიათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გიგა ფარულავას, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილეს –
2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მამამისი, გიორგი ფარულავა შპს „როკონას” 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მამუკა წოწერიას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „ზუგდიდის
ეთერზეთების კომპანიის” 100% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ  წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ისევ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბესიკ ჭეჟიას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი შპს „ლაზიკა+” 100% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. აღსანიშნავია, რომ ბესიკ ჭეჟიამ 2014 წელს 2 500 ლარი შესწირა პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ
საქართველოს”.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ალექსანდრე გრიგალავას, მარტვილის მერს – 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, ლაშა გრიგალავა წილებს ფლობს ან/და დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს „ლაგი ჯგუფი” (50% წილის მფლობელი და დირექტორი), შპს „ლაგი კაპიტალი” (25%-ის მფლობელი და დირექტორი), შპს „დიდი მეგობრობა” (11,5%) და შპს „გეომარტ” (33,3%).

ასევე, მარტვილში, ალექსანდრე ხურცილავას, მარტვილის მერის პირველი მოადგილეს – 2019 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „სხივის” 96.7% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით
სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

აბაშის მუნიციპალიტეტში, ლევან მაკალათიას, აბაშის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „მ&ნ+” და შპს „პროგრესული მშენებლების” 100% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ლევან მაკალათიას დეკლარირებული აქვს, რომ მისი მეუღლე, მარიკა ხორავა არის შპს „პონტოს” და შპს „ლემან თრეველის” მეწილე, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ მარიკა ხორავა ასევე შპს „ლემანიანის” 100% მფლობელი და დირექტორი და შპს „ენ-ელ-ჯი ჯგუფის” 100%-იანი მესაკუთრეცაა.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლევან კუპრეიშვილს, სენაკის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „მაქსკრედიტის” 33% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ლევან კუპრეიშვილს დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ მამამისის, ბაგრატ კუპრეიშვილის წილობრივ მფლობელობაშია შპს-ები: „ქართული დაფნა”, „დაფნა”, „სორტა” და „იბერია”, თუმცა დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ბაგრატ კუპრეიშვილი ასევე არის შპს „ქსილოტრანსის” 2.75%-ის მფლობელი.

ასევე, სენაკში, კახაბერ რუსიას, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: „მუნოზოჯი” (36%), „ზედაზენი სამეგრელო” (10%), „საფეხბურთო კლუბი სენაკური-2004” (100%), „რუსი”
(100%) და „რუმო” (50%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. აღსანიშნავია, რომ კახაბერ რუსიამ 2012 წელს 8 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ფოთის მუნიციპალიტეტში, გოჩა კურდღელიას, ფოთის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში მის წილობრივ მფლობელობაში არსებული თოთხმეტივე კომპანია აქვს აღნიშნული, 11 შემთხვევაში კურდღელიას საკუთარი წილები მართვის უფლებით
სხვა პირისთვის აქვს გადაცემული, სამ შემთხვევაში კი – შპს „ცისატყელა” (29%), შპს „ნატურალური კვება”  (34%) და შპს „მეტალექს +” (3.5%), კანონის მოთხოვნათა მიუხედვად, საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

გოჩა კურდღელიამ 2012 წელს 10 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალური მოძრაობას”, 2016 წელს 60 000 ათასი ლარი – „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”, 2018 წელს კი 40 000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს.

ასევე ფოთში, კონსტანტინე თოფურიას, ფოთის მერის პირველი მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: „ალტერო” (100%), „თეაკომი” (100%), „ალტერო XXI” (100%). ის, ასევე თავმჯდომარეა
კოოპერატივ „რკ ნიუ ლეიქში”. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე თოფურია მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის პარალელურად, 2019 წლის აგვისტომდე კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, დირექტორის პოზიციას იკავებდა შპს „ალტეროსა” და შპს „თეაკომში”. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დირექტორის პოზიცია დატოვა და საკუთარი წილების მართვის უფლებით სხვა პირს გადასცა.

კონსტანტინე თოფურიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, შორენა ნაცვლიშვილი ფლობს წილებს ან/და დირექტორის პოზიციას იკავებს შემდეგ კომპანიებში: „ნიუ ქეფითალ სისტემს” (დირექტორი), „მალალა” (50% მფლობელი და დირექტორი) და „მ2” (50% მფლობელი და დირექტორი). კონსტანტინე თოფურიას დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „ნაზვრევის” 50% წილის მფლობელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე კომპანიის დირექტორი მისი მეუღლე, შორენა ნაცვლიშვილია. შორენა ნაცვლიშვილი ასევე არის შპს „თბილისი რეფიერ კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი (ინფორმაცია დეკლარირებულია). აღნიშნულ კომპანიას 2014-2018 წლებში 15 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 2017-2018 წლებში 5 შემთხვევაში გაიმარჯვა. ყველა ტენდერში
შემსყიდველი ქალაქ თბილისის მერია იყო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 927178 ლარი შეადგინა. თბილისის მერიამ შპს „თბილისი რეფიერ კომპანისაგან” საგზაო მოძრაობის მართვისა და კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის, ასევე შუქნიშნების და მათი მოწყობილობების მოვლა-შენახვაექსპლუატაციის მომსახურებები შეისყიდა.

ასევე, ფოთში, ირაკლი კაკულიას, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ბლექ სის” 50% წილისა და შპს „კარიბჭის” 25%-ის მფლობელი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ბესიკ ფარცვანიას, წალენჯიხის მერს – 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა, ბეჟან ფარცვანია ფლობს წილებს და დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს „ბპს სექურითი ჯგუფი” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს „რო-ბე” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს „ბე & რო” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ასევე წალენჯიხაში, თემურ ღვინჯილიას, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „შე-ლის” 30% და შპს „წალენჯიხის საგზაოს” 20% წილის მფლობელი.

ასევე, წალენკიხაში, დარეჯან დადიანს, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს –
2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს
„ლაშას” 15% წილის მფლობელი.

მესტიის მუნიციპალიტეტში, ნელი ნავერიანს, მესტიის მერის პირველი მოადგილეს – 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, ბექა ჯაფარიძე შპს „ჰაწვალი 2015-ის” 50% წილის მფლობელია.

ასევე მესტიაში, ზაურ ჩართოლანს, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს –
2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ასახული აქვს, რომ იგი არის შპს „სვანეთი
თრეველის” 34% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი მართვის  უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული. ზაურ ჩართოლანს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ შპს „ტურისტულ ალპინისტთა კლუბი მთის ლეგენდის”
12.5% მფლობელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.