კახეთში მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა

1101

კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობის პირების ნაწილს, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. კერძოდ, ისინი ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული; ასევე, კუთვნილი კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვთ გადაცემული. შესაბამის კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების 40-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 7-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 7 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 6 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა.

კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

თელავის მუნიციპალიტეტში, შოთა ნარეკლიშვილს, თელავის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ამბრას” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ნიკოლოზ გეთიაშვილს, გურჯაანის მერის მოადგილეს –
2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის
შპს „MNG-ს” 100% წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა შპს-ს მმართველად დეკლარაციაში მეუღლე,  მანანა მამუკაშვილი-გეთიაშვილი ჰყავს დასახელებული.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, როსტომ სესიაშვილს, ყვარლის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს  „ცხრა ნომრის” 70% წილის მფლობელი და დირექტორი.

როსტომ სესიაშვილს დეკლარირებული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ღვინტესტი”  (50%), შპს „სესიაშვილი” (51%), შპს „მეტალო” (33.3%) და შპს „Intourist Group” (25%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

ასევე ყვარელში, დავით ქევხიშვილს, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, თამარ დათულიშვილი შპს „ლამიანის” 100%-იანი წილის მფლობელია. დავით ქევხიშვილი, ასევე, არის
კოოპერატივ „რკ ქინძმარაულის ვენახების” დირექტორი, თუმცა ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული.

აღსანიშნავია, რომ “რკ ქინძმარაულის ვენახებში” დავით ქევხიშვილის პარტნიორი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეა, რომელიც გამგეობის წევრისა და ერთ-ერთი დირექტორის პოზიციას იკავებს. დავით ქევხიშვილმა 2012 წელს „საქართველოს კონსერვატიულ პარტიას” 3 971 ლარი შესწირა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გიორგი ღამბაშიძეს, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ქორიონის” მეწილეა. გიორგი ღამბაშიძეს დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის შპს “ოქტოპუსის” 100% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გიორგი ერბოწონაშვილს, საგარეჯოს მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „თემიდა+”-ის 100% წილის მფლობელი. გიორგი ერბოწონაშვილს დეკლარირებული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში შპს „ჯეოვაინი” (34%), შპს „GEO EXPORT” (50%), შპს „კახეთი 3000”
(35.2%) და შპს „სამება” (50%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

აღსანიშნავია, რომ გიროგი ერბოწონაშვილმა 2017 წელს 7 000 ლარი შესწირა პარტია „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს”.

საგარეჯოში, ოთარ ჩალათაშვილს, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს  შემდეგ კომპანიებში: შპს „ნაზვრევი” (50%), შპს „ჩალიუსი” (100%) და შპს „სი-ეფ-ჯეი და პარტნიორები”
(100%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ასევე, ოთარ ჩალათაშვილს არ აქვს დეკლარირებული, რომ მამამისი, დავით ჩალათაშვილი არის კოოპერატივ „რკ ნიუ ლეიქის” დირექტორი. ოთარ ჩალათაშვილმა 2017 წელს 280 ლარი შესწირა პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველო”.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემურ ჯავაშვილს, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ჩვენი სოფლის” 50% წილის მფლობელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.