საავტომობილო გზა ქედის სოფელ დოლოგანში, რომელიც სახლამდე ვერ მიდის

600

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მცხოვრები ჯინჭარაძეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხუცები ცხოვრობენ ავტომობილისთვის მიუვალია.  ხელისუფლებამ მოქალაქეების დასახმარებლად მხოლოდ ის გააკეთა, რომ გარესამყაროსთან დასაკავშირებლად მათთვის საფეხმავლო ბილიკი მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ნამირე ჯინჭარაძე ტელევიზიასთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, კერძო კომპანიამ ინერტიული მასალის მოპოვება დაიწყო. მაღალი გამავლობის ავტომობილის გადადგილებისთვის გზა აამაღლა და მდინარე ბზანას კალაპოტი, რის გავლითაც ავტომობილი მათ სახლამდე გადაადგილდებოდა გაღრმავდა. ოჯახი საცხოვრებელ სახლთან დასაკავშირებლად საავტომობილო ხიდის მოწყობას ითხოვს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, დაახლოებით ექვსი წლის წინ აქ რკინის საფეხმავლო ხიდი მოაწყო. სწორედ ამ ხიდის გავლით უკავშირდება ოჯახი გარე სამყაროს. ხიდთან ახლაც ყრია რამდენიმე თვის წინ, სახლის სარემონტოდ ნაყიდი სამშენებლო მასალა, რომლის ნაწილიც, ნამირეს თქმით, წყალდიდობისას მდინარემ წაიღო. უგზოობასთან ერთად, ოჯახის პრობლემა წყალმოვარდნებია. ძლიერი წვიმობის დროს, მდინარე ბზანა კალაპოტიდან გადმოდის და ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს.

ქედის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და გადასაჭრელად, ჯინჭარაძეების განსახლების პროგრამაში ჩასართავად მუშაობენ. მერის მოადგილე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სოფლის მდინარეზე, ამ ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირებაზეც იმუშავეს და ხიდის მოსაწყობად, საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას ცდილობენ.

მერის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქედაში, ავტომობილისთვის მიუვალი ადგილი, მხოლოდ სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანია. სადაც, ახლა აქ მცხოვრები ოთხი ოჯახისთვის, გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად,მდინარე აჭარისწყალზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინაროებს.