ახალციხეში, ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ისევ ცვივა

874

წინა სტატია

ახალციხეში, სოფელ ურავლის გზაზე, კლდიდან ქვები ცვივა. მძღოლები ამბობენ, რომ გადაადგილება ამ გზაზე განსაკუთრებით საშიში წვიმიან ამინდშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

რავლის გზაზე, კლდიდან ქვები ბოლოს ორი დღის წინ, 28 სექტემბერს ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ტრანსპორტი დაზიანებულა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა აქ მუდმივად არსებობს და საფრთხის შემცველია.

„უკვე მერამდენედ ჩამოცვივდა კლდიდან ნაშალი! ვიდრე აქ უბედურება არ მოხდება, ყურადღებას არავინ არ მოგვაქცევს“, – გვეუბნება ერთ–ერთი მძღოლი, რომელსაც გზაზე გავლა თითქმის ყოველდღე უწევს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები, 28 სექტემბერს კლდიდან ჩამოყრილი ქვებისგან გზას დღეს, 30 სექტემბერს დილიდან წმენდენ: „კლდეებს, იმ მონაკვეთებზე, რომელიც საფრთხის შემცველია, ქვებს აცლიან და მუდმივად არის ერთი წარმომადგენელი, რომელიც საქმის კურსშია და აკვირდება გზის მდგომარეობას“.

ურავლის გზაზე, კლდიდან ქვების ცვენის ეს პირველი შემთხვევა არ არის. პრობლემასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. იგივე პრობლემაა ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზეც.