ახალციხე-ურავლის დამაკავშირებელი გზის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე კლდეები დაბზარულია და ქვები ცვივა. მძღოლები საფრთხეებზე საუბრობენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხოა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მძღოლების თქმით, ახალციხე–ურავლის მიმართულებით გადაადგილება განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, როდესაც წვიმს. მათი თქმით, არაერთხელ უნახავთ ჩამოცვენილ ქვებს შორის მოყოლილი მანქანები.
ერთ-ერთი მძღოლის, იური გელაშვილის თქმით, ორი წლის წინ კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ წყალში გადააგდო. შემთხვევის შედეგად კი ორი მგზავრი დაინვალიდდა.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გზის ამ მონაკვეთის მოვლა–პატრონობა შპს “კეთილოწყობას“ ავალია.
“ურავლის ხეობაში მუდმივად ხორციელდება კონტროლი. “კეთილმოწყობის“ ერთი თანამშრომელი ახორციელებს მონიტორინგს, თუ რომელიმე ადგილზეა ჩამოშლილი მაშინვე იწმინდება. საფრთხის შემცველი ამ ეტაპზე მანდ არაფერი არ არის“, – ამბობენ მერიაში.
გეოლოგები კი ფიქრობენ, რომ კლდეს დამუშავება სჭირდება.
“პოლიმერული ნივთიერებით ამაგრებენ კლდეს, ეს ძალიან კარგი მეთოდია. მინიმუმამდე მცირდება კლდის ჩამოშლი რისკი. ნაპრალებში შედის პოლიმერი, მაგრდება და 25 წელი აღარაფერი სჭირდება. ის სპეციალური ხსნარია და კრისტალდება მერე. მანდ თუ რაფერი გაკეთდა საფრთხე სულ იქნება, განსაკუთრებით გაზაფხულზე“, – ამბობს გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე.
შეგახსენებთ, რომ კლდიდან ლოდები ცვივა ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალურ გზაზეც. თებრვალში ახალქალაქის გზაზე ჩამოვარდნილი ლოდი მიკროავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც 50 წლის კაცი მძიმედ დაშავდა.