პოლიტიკური პარტიებისთვის შუალედურ არჩევნებში კანდიდატის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
N38 საოლქო საარჩევნო კომისიაში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. სხვა პოლიტიკური სუბიექტები კი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ, რადგან პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურა.
შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ, N3 არლის საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატი დახვდება – ზურაბ ფეიქრიშვილი.
კანდიდატის წარგენაზე უარს აცხადებენ პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
პარტია “ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმონ პარუნაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის წარდგენას აზრი არ აქვს „ყოველთვის ზეწოლას აკეთებდნენ და ისევ ზეწოლა იქნება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაში კი მიზეზებს ვერ ასახელებენ: „მოკლე პასუხი გვაქვს, კანდიდატი არ გვეყოლება“, – ამბობს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.
დაახლოებით ექვსი თვეა არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს.
სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.