ბოტანიკური ბაღისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 460 ათასი ლარი გამოიყო

699

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ადგილობრივმა ბიუჯეტმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთვის 460 ათასი ლარი გამოყო, – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, წერს ლაივპრესი.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება იძლევა შესაძლებლობას, საერთო ბიუჯეტის მოცულობა გადიდდეს 2 მილიონი ლარით, რომლის შემდეგ თანხები განაწილდა სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად.

ზუგდიდის მერის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და ბაღს საზეიმოდ ნოემბრის დასაწყისში გახსნიან.

ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.