ლაგოდეხის მერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

562

27 ოქტომბერს ლაგოდეხში, აფენის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 1 თვეა დარჩენილი, პარტიები ამ დრომდე არ აქტიურობენ და წინასაარჩევნო აგიტაცია ჯერ არ დაუწყიათ. 

პარტია “ევროპული საქართველოს” ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის გიორგი ენუქიძეს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ უკვე შეარჩია კანდიდატი, ომარ შველიძე და წინასაარჩევნნო აგიტაციაში ჩართულია მუნიციპალიტეტის მერიც, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

გიორგი ენუქიძე ასაჯაროებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, აფენის თემში მე-2 საარჩევნო უბანზე სასწრაფოდ უნდა მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, სამუშაოები კი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ მერია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რადგან სხვა შემთხვევაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება არ შეიძლება დადგეს.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, მერიის მიერ სამუშაოების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ სტიქიური უბედურებების დროს, როცა სამუშაოები რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში უნდა შესრულდეს.

“ჩვენი ინფორმაციით მმარველი გუნდის კანდიდატი იქნება ომარ შველიძე. მერის მიერ განკარგულება კი იმიტომ გამოიცა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ახალგაზრდა კანდიდატს დაეხმარონ ხმების მოგროვებაში. მივესალმებით მეტი ახალგაზრდული პროექტის განხორციელებას სოფლებში, მაგრამ არა საარჩევნო პერიოდში.”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულ განკარგულებაში წერია, რომ თუკი სოფელში არ მოეწყო მინი სტადიონი, შესაძლოა საზოგადოებრივ ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

“ვერანაირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ვერ ვხედავ და ვერც ამ საკითხს დავუკავშირებ. ცენტრალური ბიუჯეტიდან 720 000 ლარი მიღებული გვაქვს სკოლების  რეაბილიტაციისთვის. ამ დროისთვის 6 სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი და დარჩა გარკვეული თანხები, რომლებიც არათვისების შემთხვევაში ისევ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება. სწორედ ამ თანხით უნდა მოხდეს სამუშაოების განხორციელება”,- აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი აცხადებს, რომ თუკი ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებენ, ისინი ფაქტით დაინტერესდებიან.

ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თქმითვე, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და დაინიშნა შუალედური არჩევნები.

საინიციატივო ჯგუფიდან არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, მათი რეგისტრაციის ვადა უკვე გავიდა. რაც შეეხება პარტიების წარმომადგენლებს, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. აგვისტოს თვის მონაცემებით, ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.