სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე ადამაშვილი თანამოაზრეებს მხარდაჭერას სთხოვს იმისთვის, რომ ბოლნისში სოციალური და კულტურული სივრცე გაიხსნას, სივრცე, რომელიც ბოლნისელ ახალგაზრდებს თავშეყრის, ალტერნატიული განათლების მიღებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას მისცემს.
შენობა, რომელშიც თორნიკეს ამგვარი სივრცის მოწყობა უნდა, ბოლნისის გერმანული კულტურის ყოფილი მუზეუმია, რომელიც, მრავალი წელია, აღარ ფუნქციონირებს. ამ შენობაში ბოლოს “ბეკოს” მაღაზია იყო გახსნილი, ახლა კი ის 1000 ლარად ქირავდება. სწორედ ამიტომ თორნიკე ადამაშვილმა facebook-ით მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს: “ვეძებთ 100 კაცს, რომელიც ყოველთვიურად გადაიხდის 10 ლარს, იმისთვის, რომ ძალიან მაგარი სივრცე – “მაკულატურა 2B1818 Pulp Fiction” გვქონდეს ბოლნისში. ესაა ყოფილი გერმანული კულტურის მუზეუმი და შემდეგ – “ბეკოს” მაღაზია, ქალაქის ცენტრში. ეს იქნება სოციალური და კულტურული სივრცე მცირე ბიბლიოთეკითა და ბარით; წარმოდგენილი იქნება კატალოგები და საჩვენებელი პროდუქცია showroom-ის პრინციპით, როგორც სხვადასხვა პროექტების, ისე საინტერესო ბიზნესისა და განსაკუთრებით, ქართული პროდუქციის, გამწვანება, ტანსაცმელი, პოსტერი, ფოტო, მხატვრობა, ჭურჭელი. იქნება 30-40 კაციანი ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობა. გვაქვს ინვენტარიც და ყოველდღიურად მოეწყობა ფილმების ჩვენება და ჩვენი პროექტორით ვაჩვენებთ საინტერესო კლიპებს, კონცერტებს, გადაცემებს, მასტერკლასებსა და სპორტულ ღონისძიებებს. სივრცე ადაპტირებადია გამოფენებისთვისაც white cube-ს პრინციპით. და Bolnisi Art Residency ბოლნისის არტ რეზიდენცია-ს უფრო მეტად შეეძლება საჯარო სივრცეში დაფიქსირდეს თავის სტუმრებთან ერთად. კლუბის წევრებისთვის ღონისძიებებზე დასწრება იქნება უფასო. მათთვის გვექნება სხვა სერვისებიც. ვინც ჩვენთან ყოფილა, იცის, რომ ტურებსაც ვაკეთებ ბოლნისის გერმანულ და თანამედროვე ისტორიაზე და ქალაქში არაა ნორმალური სივრცე შეხვედრებისთვის. ვინაიდან ქალაქი ძალიან პატარაა, კომერციულად შეუძლებელია მოვერიოთ 1000 ლარიან ქირას, მაგრამ ბოლნისში, სადაც მხოლოდ სამშენებლო მაღაზიები და სურსათი იყიდება, ეს ახალი სუნთქვაა ახალგაზრდებისა და მთლიანად მოქალაქეებისთვის. მიღებული “მოგება” იქნება საჯარო ჩვენს ჯგუფში და გამჭვირვალედ მოხმარდება “მაკულატურისა” და სხვა საჯარო სივრცეების, ღონისძიებების გამართვას არამარტო ბოლნისში. Alt-B Alternative Bolnisi გააშუქებს ღონისძიებებსა და სტუმრებს პირდაპირ ეთერის, გადაცემებისა და ბლოგების სახით. ეს სივრცე ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და როგორც იქნა გათავისუფლდა.ძალიან საჩქაროა!” – წერს ის.
თორნიკე ადამაშვილის ამ ინიციატივას 140-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოეხმაურა. მთავარი კი ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი ბოლნისელი საერთოდ არ არის, თუმცა, მზადაა, საკუთარი წვლილი გაიღოს ამ ინიციატივის განხორციელებაში.
ვეძებთ 100 კაცს, რომელიც ყოველთვიურად გადაიხდის 10 ლარს, იმისთვის, რომ ძალიან მაგარი სივრცე "მაკულატურა 2B1818 Pulp…
Posted by Tornike Adamashvili on პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019
სამოქალაქო აქტივიზმი ჩვენს მუნიციპალიტეტებში, სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენაა. ამიტომაც თორნიკეს ეს მცდელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში სათემო ჯგუფები უფრო მეტად გააქტიურდნენ, მეტი სამოქალაქო პროექტი განხორციელდეს და ამ პროექტების განხორციელებაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.
თორნიკესთვის ეს პირველი პროექტი არ არის, რომლის ხორცშესხმასაც ის ბოლნისში გეგმავს. მისი ინიციატივით ქალაქში კინოჩვენებები და სხვა არაერთი ღონისძიება გამართულა. ის, ასევე, აქტიურ კამპანიას ეწეოდა იმისთვის, რომ ბოლნისის კინოთეატრი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასულიყო. სათემო ინიციატივების საუკუნისწინანდელ და დღევანდელ ისტორიებზე შეგიძლიათ იხილოთ სათემო განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი – “ინიციატივა არ ისჯება”.