რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები უკვე დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს.
როგორც სამინისტროში ამბობენ, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 აპრილის N 164 დადგენილების თანახმად ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.