ქუთაისის მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტირებაზე სამუშაოები თითქმის დამთავრებულია და პროექტიც მალე დაიდება. პროექტი თეატრის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
“ალბათ, მომავალი წლის მაისიდან რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტი მოიცავს სრულ რეაბილიტაციას. დაწყებული ნული სართულიდან, დამთავრებული სახურავით. მოეწყობა ახალი განათება, გათბობა დამონტაჟდება და სკამები შეიცვლება. რეაბილიტაცია ჩატარდება ადმინისტრაციულ ოთახებში. საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულდა. ახლა დაიდება პროექტი. სახელმწიფო ჩადებს ფულს, თუ სახელმწიფოს არ ეყო თანხები, მოხდება ინვესტირება. ალბათ დარბაზი და ფოიე, თეატრმა რომ იფუნქციონიროს 2021 წლის ოქტომბერში დასრულებული იქნება”, – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, თეატრში მცირე სცენა ბოლომდე იმუშავებს. ამავდროულად თეატრი არ შეწყვეტს მუშაობას, ითანამშრომლებენ სხვადასხვა თეატრებთან იმუშავებენ სხვადასხვა სივრცებში. პროექტის ღირებულება ამ დროისთვის ცნობილი არაა.
შეგახსენებთ, ქუთაისის მესხიშვილის და ოპერის თეატრების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მაშინდელმა კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ქუთაისში თეატრალური ფესტივალის გახსნის დროს გააჟღერა.