ანაკლიაში, 20-23 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად, კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორულ ფესტივალს ,,ანაკლია 2019“ ჩაატარებს.
ფესტივალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალზე „ანაკლია 2019“ გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის (აშშ) ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.
ჯანტი ბაში იყენებს გრაფიკას, საზოგადოდ, მისი შემოქმედება ეფუძნება ჩერქეზული მითოლოგიის მოტივებს.
კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ასევე პირველად შედგება კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება კავკასიის ხალხთა მამაკაცის და ქალის თავსაბურავები.
ანაკლიის ფესტივალზე შედგება კავკასიური პოეზიის კრებულის წარდგენა, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე. კრებულის გამოცემის იდეა დაიბადა წინა წლებში ჩატარებულ ანაკლიის ფესტივალებზე და წარმოადგენს კავკასიელ პოეტთა მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობის შეჯამებას.
მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ამერიკელი მეცნიერები, ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორები, გეგმავენ საკუთარი პრეზენტაციების წარდგენას კავკასიურ თემატიკაზე.
ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები.
ფესტივალის „ანაკლია 2019“ სპეციალური სტუმრები იქნებიან შვედი-ქართველი შემსრულებელი საბინა ჭანტურია-ვამლინგი და ოსი-ქართველი მომღერალი დიტო ქისიშვილი. ტრადიციულად ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი.
ორგანიზატორებთან ერთად, ფესტივალის ორგანიზებაში პარტნიორია საზოგადოებრივი ურთიერთობების სააგენტო „პროფილი“.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალისთვის ზუგდიდის მერიამ 10 ათას ლარამდე გამოყო.