სენაკის მუნიციპალიტეტში 26 საბავშვო ბაღი გარემონტდა – სენაკის მერია

1350

16 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 26 საბავშვო ბაღში სწავლა დაიწყება.

როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე, 1310 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთაც ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდებათ.

მერიის ცნობით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ჩამონათვალი ასეთია: გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა; რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები; იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში; ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი; რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები; სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში; გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში; კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი; სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში; ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში;

გარდა ამისა, სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში. ასევე, უახლოეს პერიოდში ადმინისტრაციული ერთეულების ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

პლუს, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

ამ ეტაპზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მერიაში ამბობენ, რომ მომავალ წელს სენაკს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მეოთხე და მეხუთე საბავშვო ბაღების ორი ახალი შენობა შეემატება.