ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს გამოაცხადებს

743

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს გამოაცხადებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

​დღეს, თითქმის ორწლიანი პროცესის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. მხარეებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მუსლიმი თემი უარს ამბობს შეთავაზებაზე, მშენებლობის პროცესი წარმართოს მუსლიმთა სამმართველომ.

„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მხარედ ამ პროცესში გამოსულიყო საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. მე არ მინახავს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ პირდაპირ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები კი, მერიას საკითხისადმი დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პროცესი ბოლომდე მათი ნდობით აღჭურვილმა პირებმა უნდა მიიყვანონ.

მუსლიმი თემის ინტერესს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (​იემსი) იცავს. ორგანიზაციის იურისტები სახელმწიფოს გულგრილ მიდგომასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის შეფასებით, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს, რადგან ანალოგიურ შემთხვევებში სხვა რელიგიურ მიმდინარეობას არ ექმნება პრობლემები.

„რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა დომინანტი ეკლესიისადმი ლოიალობას ეფუძნება, რაც რელიგიური უმცირესობების მიმართ უთანასწორო და გამრიყავ დამოკიდებულებას იწვევს, მთელი ეს პროცესი ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა იურისტმა თამთა მიქელაძემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.