ახალციხის ციხის ფასიან ნაწილში, იქ სადაც ციტადელსა და სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმისკენ მიმავალი გზა იყოფა, ღია შენობის ჭერი წვიმისგან რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ნალესი ჩამოყრილია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხეს დაზიანებული შენობის ჭერის აღდგენისთვის დაახლოებით 500 ლარის დახარჯვა მოუწევს.
„ამ ეტაპზე ციხესიმაგრის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს სამუშაოები, დასრულების შემდეგ დაზიანებულ ჭერსაც შევაკეთებთ“, – გვითხრეს ახალციხის ციხეში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაზიანებული შენობის ფასადების, ტერასების და ქვაფენილების რეაბილიტაციისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს ტენდერი გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 77 000 ლარამდე დაიხარჯა. დარჩენილ დაზიანებულ ნაწილს ააიპ ახალციხის ციხე თავისი ხარჯებით აღადგენს.