ახალციხის ციხემ 8 თვეში 734  577 ლარის შემოსავალი მიიღო

2320

„ახალციხის ციხის” შემოსავალმა მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოში 734 577 ლარი შეადგინა. ა(ა)იპ–ის დირექტორის, გიორგი ნათენაძის თქმით, თანხამ დაგეგმილ შემოსავალს გადააჭარბა, შესაბამისად, მომავალი წლის სუბსიდირებას, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“წლევანდელ შემოსავალს ვადარებთ 2019 წელს, რადგან 2020-21 წლებში პანდემის გამოციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასო იყო. ამიტომ სტატისტიკაც არ გვაქვს, რამდენი ადამიანი შემოდიოდა. 2019 წელი საუკეთესო წელი იყო, მაშინ 150 000 ტურისტი გვესტუმრა. 2019 წლის 8 თვის მონაცემები რომ შევადაროთ 2022 წლის ტურისტის შემოსავალი აღემატება“, – ამბობს გიორგი ნათენაძე.

როგორც ის ვარაუდობს, მომავალ წელს სუბსიდია მერიისგან მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად დასჭირდებათ: „გარკვეულ უბნებზე მცირე რეაბილიტაციაა ჩასატარებელი“,- თქვა ნათენაძემ.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის მიერ “სამხრეთის კარიბჭისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოსავალი ასე ნაწილდება:

წინა წლის ნაშთი – 83 654 ლარი;

2022 წლის შემოსავალი იანვარი–აგვისტო – 734577 ლარი;

მათ შორის: გიდების მომსახურებით მიღებული შემოსავალი 59260 ლარი, საქორწინო და საბანკეტო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი -1200 ლარი, გადაღებიდან მიღებული შემოსავალი -10000 ლარი, საკონფერენციო დარბაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი-800 ლარი, ფესტივალებისთვის სცენის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი-2400 ლარი, პარკინგის მოვლა–პატრონობის მიზნით მიღებული შემოსავალი -1600 ლარი.

მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანსება  (სუბსიდია) – 442000 ლარი.