ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა აქცია “სირცხვილიას“ მონაწილეებზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა

1224

სტატიის გაგრძელება

რუსთაველზე ვინც დგახართ, თქვენს დედებს შე…. და ვინც პასუხი არ მომთხოვოს, მამებიც დაგიმატეთ, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში, 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას “სირცხვილია“, რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს “სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი მოგვიანებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ წაშალა. როგორც ზაზა ფარცვანია “ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, დღესაც იგივე აზრზე რჩება და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს:

“რომ ვნანობ, იმიტომ კი არ წამიშლია. უბრალოდ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. რასაც ვფიქრობ, ის დავწერე ჩემს გვერდზე. რა უნდათ მანდ და რატო იკრიბებიან, ის ვერ გავიგე“, – განაცხადა ზაზა ფარცვანიამ.

მან “ლაივპრესს“ დაუდასტურა, რომ აქციის მონაწილეებს განსხვავებული აზრის გამო აგინა, რადგან თვლის, რომ მათი მოთხოვნა გაურკვეველია.

“მეც ხომ მაქვს ჩემი განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება?! ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ, მე ჩემი გამოვხატე. რა ვქნათ ახლა? ჩემი უფლებები დაირღვეს და იმათი არა?“, – განმარტა მან.

შეკითხვაზე, თუ სად დაირღვა მისი უფლებები, აღნიშნა, რომ გამოცემამ “შეაწუხა“ ამ თემაზე შეკითხვებით.

თავად მისი ხელმძღვანელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია შვებულებაშია და აღნიშნა, რომ პოსტი არც უნახავს. ის არ იზიარებს ადამიანების შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის გამო და ამბობს, რომ არ აპირებს “ვინმეს ხელი გადააფაროს“.

თავის მხრივ, ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს მერია. შიდა აუდიტის სამსახური ფაქტს იკვლევს და როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, სწორედ მას შემდეგ დადგინდება, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ზაზა ფარცვანია.

“განცხადების ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანის უფლებებს და პატივმოყვარეობას, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადეს მერიაში.

თავად ზაზა ფარცვანია არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგოს ფეისბუკ პოსტისთვის, სადაც მან თბილისში მიმდინარე აქცია “სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ასეთი გადაწყვეტილებისთვისაც.

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (98 ხმით) ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს.

აქცია “სირცხვილია-ს“ მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ, მანამდე მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რადგან 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. რუსთაველზე აქციას 21 ივნისიდან მართავენ. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა და 2-მა მონაწილემ თვალი დაკარგა, ხოლო 300-ზე მეტი დააკავეს.