ხობისწყლის პირას, სავარაუდოდ, გვიანანტიკური ხანის ქალის ქანდაკება იპოვეს

890

მდინარე ხობისწყლის პირას, ინერტულ მასალაში უცნობი ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გამოცემის ცნობით, სოფელ პატარა ფოთის მცხოვრებლებმა, წულაიების ოჯახმა მდინარის სიახლოვეს ინერტული მასალა მოაგროვა, სახლში მისი დამუშავებისას კი ქანდაკება იპოვეს.

ადგილობრივი მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგიტა ჩიტაიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ შესაძლოა ეს არის გვიანანტიკური ხანის პერიოდის ქანდაკება, თუმცა ზუსტ წარმოშობასა და პერიოდაკზე ჯერ ვერ ისაუბრებს. ამბობს, რომ ნივთი თბილისშია გაგზავნილი და მას სპეციალისტი სწავლობს.

“ქანდაკება ძალიან ლამაზია, მაგრამ ჯერ ისიც კი არ ვიცით, ეს მარმარილოა ნამდვილად, თუ სხვა მასალისგან არის დამზადებული. უცხოელებმაც ნახეს ფოტოები. გამოთქვეს წინასწარ რაღაც ვარაუდები, მაგრამ ძალიან დიდი დაკვირვება უნდა ამ ყველაფერს, გადამოწმება”, – განმარტა გოგიტა ჩიტაიამ.

ხობის მერიის წარმომადგენლის თქმით, მდინარე ხობისწყალს მოაქვს ზოგჯერ ჭურჭლის ნატეხები, სხვადასხვა ნივთი, რომელთაგან ნაწილი ძველია, ზოგი კი ახალი.

“ხობში კი არა, საქართველოს მასშტაბით ყველა მდინარის პირას არის ნამოსახლარები. შეიძლება საიდანღაც ჩამორეცხა. ძალიან შორიდან არ უნდა იყოს მოტანილი, რადგან წყალში ნათრევი ძალიან არ ეტყობა”, – გვითხრა გოგიტა ჩიტაია.

ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქანდაკებას შეისწავლიან, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.