ყულევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

612

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.

შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო.

ყულევთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ ვახორციელებთ ასევე სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, კერძოდ სოფელ ძველ ხიბულაში საერთო ჯამში 13 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება გზა, ასევე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ახალ ხიბულაში, სავარდიოს უბანში, ჭალადიდიში დავასრულეთ ახალი გზის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობის და მუნიციპალური კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

ყულევის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.