ხობში საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

402

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.

მათი ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 157 ათასი ლარი შეადგინა.

“რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად, 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს, ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.