ჩვენ არა მხოლოდ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას ვადგენთ, არამედ, პირველ რიგში, ქმედებებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეკითხვას დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ გარკვეული კომპეტენციები მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა. საუბარია სკოლების რეაბილიტაციასა და მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირებაზე, რომელიც, დელეგირებული უფლებამოსილების სახით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ. “გარდა ამისა, ვზრდით ამ კომპეტენციებს, ვზრდით ამ შესაძლებლობებს როგორც უფრო მეტი პროექტების შესრულების, ასევე, რა თქმა უნდა, ვეხმარებით როგორც სისტემების და მიდგომების შეცვლაში, ტექნიკური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაში, ისე ვცდილობთ, რომ გადავცეთ ის გამოცდილება, რომელიც არსებობს ცენტრალურ დონეზე”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, თქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს კადრების გადამზადებაშიც ეხმარებიან.
“კადრების მომზადების ნაწილზე როდესაც არის საუბარი და კომპეტენციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ტრენინგებითაც დავეხმაროთ. ამისთვის მოხდა შეფასება იმ საჭიროებების, რომელიც მუნიციპალიტეტებს აქვთ. დონორებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ეს კომპეტენციებიც შევმატოთ, თუმცა, აქვე, უნდა ვთქვა, რომ არაფერი არ აუმჯობესებს კომპეტენციას იმაზე მეტად, ვიდრე უშუალოდ საქმის კეთება და უშუალოდ კომპეტენციების გადაცემა. ასე რომ, მივდივართ ამ გზით და მუნიციპალიტეტებს გადავცემთ დამატებით კომპეტენციებს, თუმცა, ამასთან ერთად, გვერდში ვუდგავართ და ვეხმარებით ამ საკითხების განხორციელებაში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ამ დრომდე მუშავდება. მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცება თავდაპირველად 2017 წლის, შემდეგ კი 2018 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი დაპირებით, მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, თუმცა, დღეისათვის სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსიააგამოქვეყნებული, რომელსაც საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს. შესაბამისად, უცნობია ისიც, თუ რა წერია სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტშიც.