ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემას ვგეგმავთ

1744

შემდეგი სტატია

მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო კომიტეტებში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ცქიტიშვილის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია უკვე მზად არის და მალე კონკრეტულ ქმედებებზეც გადავლენ.

“ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის, სამინისტროს კოორდინაციითა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, მომზადდა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის კოორდინაციით ორივე დოკუმენტი განიხილა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა. სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, უახლოეს მომავალში დაიწყება კონკრეტული ქმედებების განხორციელება”, – აღნიშნა მან.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, იგეგმება, ასევე თვითმმართველობის მიერ სესხისა და გრანტის მიღება-გაცემის პროცედურების გამარტივებაც.

„ასევე, ვგეგმავთ თვითმმართველობის მიერ სესხისა და გრანტების მიღება-გაცემის პროცედურების გამარტივებას. ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენის, ისე საკანონმდებლო რეგულაციების და ადგილზე შესაბამისი ტექნიკური ბაზის გამართვაში. ვამუშავებთ ტურისტულად აქტიურ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის მართვის ახალ მოდელებს. თბილისის მერიის სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ვიწყებთ მუნიციპალიტეტებში დედაქალაქის მსგავსი ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის და შესაბამისად, მოქალაქეთა და ბიზნესის მომსახურების გამართული პროცედურების დანერგვას. პროექტი ჯერ 21 მუნიციალიტეტში დაიწყება და 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ამ დრომდე მუშავდება. მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცება თავდაპირველად 2017 წლის, შემდეგ კი 2018 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი დაპირებით, მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, თუმცა, დღეისათვის სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელსაც საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს. შესაბამისად, უცნობია ისიც, თუ რა წერია სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტშიც.