რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს რუსთავის მერმა, გარდაბნის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის გამგებლებმა. მათი განცხადებით, თითოეული პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად ხორციელდება.
როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რუსთავში წელს კიდევ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, კერძოდ, ლესელიძის ქუჩიდან თოდრიას #7-თან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ლომოურის ქუჩიდან მე-7-ე მიკრო რაიონის #2 საერთო საცხოვრებელთან დამაკავშირებელი გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, ოსტროვსკის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ჯამში სამივე პროექტის განსახორციელებლად 500 ათასი ლარია განსაზღვრული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დამატებით 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 2 მილიონ 900 ათს ლარზე მეტია განსაზღვრული. აქედან 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაბა კაზრეთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციას მოხმარდება, 670 ათასი სოფელ არქევანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, 607 ათასი სოფელ აკაურთას გზის მოასფალტებას, 425 ათასი კი დაბა თამარისში სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.
მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში ფონიჭალა–მარნეული–გეგუთის გზიდან სოფელ პატარა დმანისამდე მისასვლელ გზასაც ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, რისთვისაც 270 ათასი ლარი დაიხარჯება.
თეთრიწყაროში სოფელ კოდიდან, სოფელ მუხათში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც 367 696 ლარია გათვალისწინებული, თამარ მეფის ქუჩიდან იოანე მანგლელის ქუჩამდე საკანალიზაციო სისტემების დაერთების პროექტს 120 ათასი ლარი მოხმარდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რისთვისაც სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ილია საბაძის განცხადებით კი, 542 302 ლარია განსაზღვრული წალკაში დამატებით სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. სამივე პროექტით მოხდება ქალაქ წალკაში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძოდ, 94 231 ლარი სპორტულ დარბაზთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება, 307 536 ათასი წალკაში ადინოვის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციას, 140 535 ლარი კი შარტავას ქუჩის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, თითოეული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თანადაფინანსებით ხორციელდება, თუმცა, თანხის ძირითადი ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღეს მუნიციპალიტეტებმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი