ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გახდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პლაკატით “ნანა წადი” ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი პროტესტი უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ საკრებულოს მუშაობის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.
“ვიდრე არ დატოვებენ სხდომას, არ დავიწყოთ მუშაობა”, -განაცხადა მან.
ალეკო ახალაძის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არ დაეთანხმა. ნიკა ლატარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ხელს ვერ შეუშლიან.
ასევე, კამათიგამოიწვია ჟურნალისტების აქტიურობამაც.
ალეკო ახალაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჟურნალისტები ფოტოებს იღებენ, მათ ხელი ეშლებათ. ამის გამო მან სხდომის დახურვის საკითხზეც ისაუბრა.
გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, დღეს სხდომას პირველად ესწრება დეპუტატი ნანა კოსტავა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.