გომისა (თაგინური) და საიჩარის მთების მიმართულებით, მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა. ქედის მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური პროგრამისთვის 5 000 ლარი გამოიყო და სერვისით, როგორც მოიალაღეები, ასევე, ტურისტები ისარგებლებენ. პროგრამა 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის, მანძილისა და მოიალაღეთა სიმრავლის გათვალისწინებით მიიღეს. მათივე ცნობით, პროგრამას ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო განახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილია ერთი 23 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი.
გასვლის განრიგი კი ასეთია: ყოველ ორშაბათს 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ ხუთშაბათს 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ კვირას 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან- საიჩარის მიმართულებით.