საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის.
განკარგულებით ელექტროსადგურის აუქციონის წესით გაყიდვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა. ელექტროსადგური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 24 მილიონდოლარიანი კრედიტით აშენდა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.