“ქართლის ქარის ელექტროსადგური“ აუქციონზე გაიყიდება

1185

წინა სტატია

“ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საჯარო აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ოფიციალური ინფორმაციით, ფონდი და სს “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია”, აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” კაპიტალის 100%–იანი წილის გასხვისების მიზნით. აუქციონი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიმართება.

“საზოგადოების საკუთრებაშია გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტროსადგურის ქუჩის მიმდებარედ, ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომელიც მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.

“ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ.სთ–ია.

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში”, – აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში.

აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.