ახალციხის N1, N3, N5, N6 საბავშვო ბაგა-ბაღებისა და N7 საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის პროექტი განხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს 1 321 300 ლარზე აცხადებს.
პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსდება. ეს არის გრანტი, რომელიც საქართველომ საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტისთვის მიიღო.
ტენდერი 9 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაცია, ძირითადად, ინგლისურ ენაზეა. “დოკუმენტის ქართული ვერსია მხოლოდ ტენდერის მონაწილეთათვის საქმის გასამარტივებლად არის შექმნილი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
აქვე განმარტებულია, რომ სამუშაოების მიზანი, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ენერგოდამზოგავი ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ენერგოეფექტურობის შენობებში დანერგვა, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს.
შენობებში შესასრულებელი სამუშაოები, ძირითადად, კედლების, სხვენის, ჭერისა და იატაკის თბოიზოლაციას ეხება.