ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 და ნინოწმინდის, სოფელ არაქალის, სკოლებში ენერგოეფექტურობის დასანერგად ტენდერია გამოცხადებული. ორივე შენობაში თერმული მახასიათებლები უნდა გაუმჯობესდეს.
სკოლების თბოიზოლაციას ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO) დააფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გაუმჯობესდება გარე მხრიდან შენობების თერმული მახასიათებლები და განახლდება გათბობის სისტემა. ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლა 1967 წელს არის აშენებული. ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა კი 2012 წელს.
“შენობის ენერგოეფექტური პროექტის მიზანია, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესება, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თბომატარებლებზე ბიუჯეტის სახსრების დაზოგვას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას“, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.