აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტება უკვე სრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 407 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 16 საყრდენი კედელი, 2082 გრძ.მ. ბეტონის არხი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2830 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 26 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა – 7 993 850 ლარის ფარგლებში, 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 5 არსებული ხიდის რეაბილიტაცია – 435 500 ლარის ფარგლებში. 56 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა – 686 798 ლარის ფარგლებში და 7 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია – 74 000 ლარის ფარგლებში. ასევე მოეწყობა 14,5 კმ. (5000 კუბ.მ.) ბეტონის საფარი, რომლისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯება. სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.