ქობულეთში 10 უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

682
ქობულეთი

ქობულეთში 10 უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში 15 ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასა და ტროტუარებს აწესრიგებენ, ამასთან, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.

“დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები“, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.