რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი რეფორმაზე, რომელიც მუშაობს

994

აგვისტოს ბოლოს, ანუ ზუსტად იმ დღიდან, როდესაც თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 – ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური არსებობას შეწყვეტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, ქვეყანა 2006 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი დარჩება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივის საფუძველზე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ გასაუქმებელ ქალაქებში მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების ინიციატივას არ იზიარებდა.

გასაუქმებელ ქალაქებს შორისაა ქალაქი ოზურგეთიც, რომელიც კვლავ ოზურგეთის სათემო მუნიციპალიტეტში გაერთიანდება.

დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ 2014 წელს დაწყებულმა რეფორმამ იმუშავა და დღეს თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით ხელისუფლება უკან დგამს ნაბიჯს.

რა შეიცვალა ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ, ან რას მოუტანს თვითმმართველი ერთეულების კვლავ გაერთიანება ადგილობრივ მოსახლეობას,  ამ საკითხებზე „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ხელმძღვანელი ლევან ხინთიბიძე გვესაუბრა.

როგორც ხინთიბიძე ამბობს, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და განვითარების შემაფერხებელია და მიუხედავად გაცხადებულისა, რომ ორივე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი გაერთიანების შემთხვევაშიც არ შემცირდება, ეს მაინც გამოიწვევს თანხების განკარგვის არაეფექტურობას. ბიუჯეტი, საბოლოო ჯამში, მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ მოერგება, ვინაიდან ქალაქს და სოფელს განსხვავებული პრობლემები და საჭიროებები აქვს, ამით კი მოსახლეობა დაზარალდება.

გარდა ამისა, ექსპერტი ფიქრობს, რომ მოსახლეობა დაშორდება სერვისებს, რასაც 2014 წლიდან, რეფორმის განხორციელების შემდეგ, უპრობლემოდ იღებდა.

2014 წლის რეფორმის შედეგად, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტს საკუთარი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტები გაუჩნდა, რამაც ორივე მუნიციპალიტეტს, საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად, პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. გაიზარდა კაპიტალური ტრანსფერებიც. მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სათემო მუნიციპალიტეტისა და ქალაქისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხები ცალ-ცალკე გამოიყო. ამასთან, ორივე მუნიციპალიტეტისთვის გაიზარდა საბიუჯეტო რესურსები. საბოლოოდ ჯამში კი, სოფლებშიც და ქალაქშიც უფრო მეტი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

„2014 წლის რეფორმამდე, როცა ქალაქი და თემი ერთად იყო, ბევრი სოფლის დასუფთავება ვერ ხერხდებოდა, რადგან მუნიციპალიტეტს რესურსები არ ჰყოფნიდა. გაყოფის შემდეგ, ქალაქშიც და სოფელშიც, დასუფთავების არეალი გაიზარდა. როდესაც სათემო მუნიციპალიტეტს ამ სერვისის მიწოდებისთვის დამოუკიდებელი თანხა და კონკრეტული სამოქმედო არეალი გამოეყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხის მოგვარება დაიწყო. ამიტომ, როცა საუბრობენ, რომ სერვისების მიწოდება გაუარესდა, ტყუილია. იგივე მოხდა სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, ვინაიდან სერვისები ახლოს მივიდა კონკრეტულ მოქალაქეებთან“, – ამბობს ლევან ხინთიბიძე.

ხინთიბიძის თქმით, ანალოგიური ვითარებაა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც. „რომ შევადაროთ, 2014 წლამდე რა გაკეთდა უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე და რა – 2014 წლის შემდეგ, ვნახავთ, რომ, დროის მოკლე მონაკვეთში, ბევრი პროექტი განხორციელდა. ეს იმან განაპირობა, რომ ქალაქში გაჩნდა თვითმმართველობა. თვალის ერთი გადავლებითაც ნათელი ხდება, რომ ქალაქ ოზურგეთში მოსულმა თვითმართველობამ უფრო მეტი სიკეთეები მოიტანა მოქალაქეებისთვის, გაკეთდა ისეთი პროექტები, რომელიც ადრე საერთოდ გეგმაშიც არ ყოფილა“, – ამბობს ხინთიბიძე, რომლის ორგანიზაციაც ოზურგეთში წლების განმავლობაში თვითმმართველობის საკითხებს სწავლობს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენ  2014 წლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდებით, დავუბრუნდებით სწორედ იმ მაჩვენებლებს, რომელიც მანამდე იყო“.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ველოდებით რომ საბიუჯეტო რესურსები მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ მომენტისთვის ამბობს, რომ მუნიციპალური ბუჯეტები არ შემცირდება. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე ეკონომიკურ და საბიუჯეტო გათვლებზე დაყრდნობით არ ლაპარაკობენ. არ ეძლევა ამას ნორმატიული ბაზა. ჩვენ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების სიტყვას უნდა ვენდოთ, რომ ფინანური რესურსები არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რაც 2014 წლის შემდგომ იყო“, – ამბობს ხინთიბიძე.

გარდა ამისა, ხინთიბიძე აღნიშნავს, რომ ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე სოფლის, თუმცა, გაერთიანების შემთხვევაში, ქალაქის ინტერესების გამტარებელი, შესაძლოა, საკრებულოში საკმარისად არ იყოს, უმრავლესობამ კი პროექტებს მხარი არ დაუჭიროს.

„ქალაქი ურბანულ განვითარებაზეა ორიენტირებული, სოფელი კი – სოფლის განვითარებაზე. სავარაუდოდ, მეტ რესურსებს მოითხოვს ქალაქში განსახორციელებელი პროექტები, თუმცაღა, ჩვენ არ ვიცით, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით რამდენი იქნება ქალაქის ინტერესების გამტარებელი საკრებულოს და აღმასრულებელი რგოლის დონეზე. 2014 წლამდე, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 29 ადმინისტრაციული ერთეული არსებობდა, ქალაქ ოზურგეთს საკრებულოში ერთი ადამიანი ჰყავდა. ანუ 45 წევრიდან ქალაქის ინტერესების გამტარებელი მხოლოდ ერთი იყო. ახლა რა იქნება, არავინ იცის.  ვინ დაუჭერს ქალაქის პროექტებს მხარს საკრებულოში, რამდენი გვეყოლება ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულიდან, არ ვიცით.  არის მოარული ხმები, რომ ეს, შესაძლოა, იყოს 3 ან 5 ადამიანი, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს ადამიანები 45-კაციან საკრებულოში ამინდს ვერ შექმნიან. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ქალაქში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. ამ რამდენიმე ადამიანს ქალაქის ინტერესების გატარებაზე მუდმივად ბრძოლა მოუწევთ“, – ამბობს ხინთიბიძე.

რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტს, მისი შედგენისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ჩართული. ხინთიბიძე ამბობს, რომ ეს გაყოფილ მუნიციპალიტეტებშიც კი პობლემური საკითხია, ხოლო ამ მუნიციპალიტეტების გამსხვილების შემდეგ ეს პრობლემა უფრო მეტად გაღრმავდება.

„განსაკუთრებით გართულდება ეს საკითხი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების შემდეგ, ვინაიდან გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ამიტომაც ძალიან გაჭირდება მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა როგორც ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით, ისე ყველა იმ მიმართულებით, რაშიც ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა იყვნენ ჩართული“, – ამბობს ექსპერტი.

როგორი იყო ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2014 წელს, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის სათემო მუნიციპალიტეტებად გაყოფამდე და როგორი მომდევნო 2 წლის განმავლობაში – 2015 და 2016 წლებში, ორ მუნიციპალიტეტად გაყოფის შემდეგ? Droa.ge-მ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები გააანალიზა, რის საფუძველზეც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ დაწუნებული საკუთარივე რეფორმა მუშაობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამ რეფორმაზე უარს მაინც ამბობს.

უფრო კონკრეტულად, რა შედეგი გვაჩვენა 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტებმა?

მაგალითად, 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებმა 20 876,0 ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2015 წელს მხოლოდ ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებმა 17 317,2 ლარი, ხოლო ქალაქ ოზურგეთის შემოსულობებმა – 12 803,4 ლარი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ჯამურად, გაყოფის შემდეგ ამ ორი მუნიციპალიტეტის შემოსულობები 144.28%-ით აღემატებოდა გაყოფამდე მიღებულ შემოსულობებს. რაც შეეხება 2016 წელს, ქალაქ ოზურგეთის შემოსულობებმა ამ წელს 14 057,2 ლარი შეადგინა, ხოლო ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა – 19 042, 4 ლარი, რაც, ჯამში, 2014 წელთან შედარებით, 158.55%-ით მეტია.

გარდა ამისა, თუ 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთარმა შემოსავლებმა, ტრანსფერის გარეშე, 3 163,5 ლარი შეადგინა, 2016 წელს ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები, ასევე, ტრანსფერის გარეშე, 4 702,3 ლარი, ხოლო ქალაქის – 2 926,8 ლარი იყო.

გაიზარდა, აგრეთვე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ თანხებიც. ეს ის თანხებია, რომლითაც მუნიციპალიტეტებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცელება ხდება შესაძლებელი.

2014 წელს ოზურგეთის გაერთიანებულმა მუნიციპალიტეტმა ფონდიდან 9 745,1 ლარი მიიღო. გაყოფის შემდეგ კი, ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტმა – 2015 წელს – 8 536,1, ხოლო 2016 წელს – 7 441,2 ლარი, ხოლო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს – 4 552,1 ლარი, ხოლო 2016 წელს 5 213,9 ლარი მიიღო; გამოდის, რომ 2015 წელს ოზურგეთის გაყოფილმა მუნიციპალიტეტებმა ჯამში 13 088,2 ლარი, ანუ 134%-ით მეტი დაფინანსება მოიპოვეს, ვიდრე 2014 წელს, როდესაც ისინი ერთ მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება 2016 წელს, ჯამურად, ოირვე მუნიციპალიტეტის დაფინანსებამ 12 655,1 ლარი შეადგინა, რაც, 2014 წელთან შედარებით, 129,8%-ით მეტია.

იხილეთ ცხრილი:

ფაქტია, რომ, როგორც ქალაქ ოზურგეთში, ისე ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტშიც, რეფორმის სიკეთეები, მხოლოდ ბიუჯეტების გაანალიზებითაც, თვალნათელია. ხელისუფლების არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ გაყოფილ მუნიციპალიტეტებში შემოსავლები არ გაზრდილა და 2014 წლის რეფორმას მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა მოჰყვა, რბილად რომ ვთქვათ, ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან ციფრები საპირისპიროს მეტყველებს.

მაშინ, რა არის მიზეზი, რომ რეფორმას, რომელიც რეალურად მუშაობს, ხელისუფლება აჩერებს? როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მმართველ გუნდში ცენტრალიზაციის მომხრე პოლიტიკოსები მძლავრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ცენტრიდან ერთ ხელში მოქცეული მუნიციპალიტეტების მართვა მათ უკეთეს შედეგს მოუტანს. ექსპერტთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ რეფორმის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მოახლოებულ არჩევნებიც იყოს – თუ აქამდე მმარველ პარტიას 12 თვითმმართველ ქალაქში ღირსეული კანდიდატი უნდა მოენახა, ახლა მას მხოლოდ 5 თვითმმართველ ქალაქში მოუწევს ისეთი კანდიდატის შერჩევა, ვინც არჩევნებზე შედეგს დადებს.

ფაქტია – რეფორმა, რომელიც მუშაობს, ხელისუფლებამ შეაჩერა. რას მოუტანს ოზურგეთის ან სხვა, გაუქმებული ქალაქებისა და თემების მოსახლეობას ეს გადაწყვეტილება, ამას მომდევნო წლები თვალნათლივ დაგვანახებს.