ოზურგეთის მერიაში საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულთა ინტერესებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” დაიცავს, – ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთში აირჩა ახალი მერი – დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შეცვლის შემდეგ, დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის მიხედვით, ოზურგეთის მერიაშიც დაიწყო რეორგანიზაციად შეფუთული თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი, რამაც, საბოლოოდ, საკადრო წმენდის სახე მიიღო. მერიის სამსახურებიდან 31 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ათეულობით ადამიანი გათავისუფლების შიშით აგრძელებს მუშაობას.
გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში “სამართლიანი არჩევნები” დაიცავს, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების პროექტს ახორციელებს. ოზურგეთის მერიიდან თანამშრომელთა გაშვება უკანონო და დაუსაბუთებელია და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
გათავისუფლებულები საუბრობენ, რომ რეორგანიზაცია დაუსაბუთებლად, კანონდარღვევებით და გაუმჭვირვალედ წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისა და მომზადებისას არ ყოფილა გამოკვლეული არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, გაუგებარია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო სტრუქტურაში განხორციელებული რეორგანიზიის პროცესი, კანონითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ოზურგეთის მერიის მიერ დაცული არ ყოფილა.
გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ მათთვის არავის დაუსაბუთებია, თუ რატომ უნდა დაეტოვებინათ სამსახური. ასევე, უცნობია რა კრიტერიუმებით, ან რა პრინციპებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.
რეორგანიზაციის ფორმალურობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა მერიის რეალურ არსობრივ, სტრუქტურულ და ფუნქციურ გარდაქნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა გათავისუფლებისა და თანამდებობრივი გადაადგილებისკენ. შესაბამისადაა დამტკიცებული საშტატო განრიგიცა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებიც.
გათავისუფლებულთა უმეტეს ნაწილს არ მიუღია მობილობის, სხვა პოზიციაზე გადაყვანის რაიმე შეთავაზება და მათ ადგილზე, იმავე ფუნქციების შესასრულებლად, ახალმა მმართველობამ, ახალი კადრები მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თანაშმრომლების მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ გამოთქმულა.მობილობის წესი დაირღვა მათთვისაც, ვინც სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. მათ შესაბამისი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ შემდეგ, პირობის მიუხედავად, სხვა დანიშნეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ისეთი პირებიც, ვინც სხვადასხვა მერის პირობებშიც მუშაობდნენ, უკანონოდ რამდენიმეჯერ გათავისუფლდნენ და სასამართლოს მეშვეობით აღიდგინეს თავი სამსახურში. აღნიშნული პრაქტიკა ნათლად აჩვენებს საჯარო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირების თვითნებობას, უკანონო გადაწყვეტილებებს, პროფესიული საჯარო სამსახურის პრინციპების დარღვევასა და თანაშმრობელთა პოლიტიკური და ნეპოტისტური ნიშნით შერჩევას. მსგავსი პრაქტიკით უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები,ზიანდება საჯარო ინტერესი, კანონის უზენაესობა და ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ, კი, დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში.
2022 წლის 3 მაისს “სამართლიანმა არჩევნებმა’’ მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მიმდინარე რეორგანზიაციასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა 1 ივნისს, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით “სამართლიანი არჩევნები” სწავლობს რეორგანიზაციასთან დაკაშირებით გამოცემულ აქტებს და მიმდინარე პროცესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაცას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.