რა სისტემით ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2247

ადგილობრივ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება რთული იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტია “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის” წევრის, ირაკლი ჯამბურიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯამბურია მიიჩნევს, რომ, თუ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ის უნდა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, რადგან პარტიების არსებობისთვის აუცილებელია, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავდეთ.

“ბატონო ირაკლი, მაინტერესებს, გააუქმებთ თუ არა 2021 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემას თვითმმართველობის არჩევნებზე?”- ჰკითხა ჯამბურიამ კობახიძეს, რომელმაც დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება რთული იქნება.

“დასავლეთში, ევროპის მასშტაბით, არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც არჩევნები მუნიციპალურ დონეზე მაჟორიტარული სისტემის გარეშე ტარდება. მუნიციპალური არჩევნები არის სპეციფიური. გამომდინარე აქედან, ადგილობრივ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება რთული იქნება. დამოუკიდებელ კანდიდატებს ადგილობრივ დონეზე არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა დასმული შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ინიციატივის – პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

ამასთან, ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზეც მუშაობს.