ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება

1014

წინა სტატია

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის შექმნაზე მუშაობა გრძელდება. პროექტის სახით წარმოდგენილი ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივებისთვის, პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში ერთი მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხებზე 18 ივნისს საკრებულოს სხდომათა დარბაზსი შეხვედრა გაიმართა. რადგან ქალაქის ტერიტორია ხუთ ზონადაა დაყოფილი, თანხა თანაბრად, თითოეულზე 200 ათასი ლარის ოდენობით გადანაწილდება.

ამასთან, იგეგმება საბჭოს ჩამოყალიბება, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები გაერთიანდებიან.

თუ ერთ ზონაზე გამოყოფილ თანხას შემუშავებული პროექტების მოცულობა გადააჭარბებს, ასეთ შემთხვევაში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ წინადადებას მიანიჭებს უპირატესობას. შესაძლოა, ეს იყოს ერთი დიდი, ან რამდენიმე პატარა პროექტი. ხოლო თითოეულ მოქალაქეს ერთი პროექტის წარდგენის უფლება ექნება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას აზრით, არ უნდა დაწესდეს ზედა ზღვრები, რამაც შესაძლოა დამატებით დაბრკოლებები შექმნას. მისი თქმით, თუ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეული 200 ათას ლარს მოითხოვს, დაიხარჯოს თანხა ერთი პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, არასამთავრობოს წარმომადგენლის განმარტებით, იმისთვის, რომ დუბლირებები თავიდან აირიდონ, უნდა შეიმუშაონ პროგრამული, მაქსიმალურად ჩაშლილი ბიუჯეტი, რაც გამორიცხავს მომავალში მსგავს შემთხვევებს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების სპეციალისტის, ქეთევან ესართიას თქმით, მოქალაქეების პროექტებს ელექტრონული, თუ წერილობითი სახით, მერია მიიღებს. შემდეგ კი, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო მათ შეისწავლის, თუ რამდენად შესაძლებელია განხორციელება და რა მასშტაბის საზოგადოებრივი სიკეთის მოტანას შეძლებს ეს ინიციატივები. შენიშვნების შემთხვევაში პროექტს ავტორს დაუბრუნებენ კორექტირებისთვის.

სამოქალაქო ბიუჯეტზე საბჭო დაჩქარებული წესით იმუშავებს, რათა მომდევნო წელს ეს იდეა ქმედითი გახდეს. თითოეულ პროექტს თან მინიმუმ 50 მოქალაქის ხელმოწერა უნდა ერთვოდეს, სხვა შემთხვევაში მას არ განიხილავენ.

კამპანიას დააფინანსებს პოლონური მხარე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვაში ეხმარება.