ზუგდიდის მერიამ 12 ათასამდე პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი გასცა

704

29 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით ზუგდიდის მერიამ 11 980 ლარის პრემია, ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი გასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფულადი ჯილდო 1 500 ლარის ოდენობით მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მეორეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა მიიღო. მერიის ცნობით, ფულადი პრემიის გაცემის საფუძველი “საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგები” გახდა.

სახელფასო დანამატი გაიცა ზუგდიდდასუფთავების ცენტრში პირუტყვის დამჭერი ბრიგადის 6 თანამშრომელზე, სულ 280 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდდასუფთავება ფულად დანამატებს და პრემიებს ხშირად გასცემს, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.

სახელფასო დანამატის სახით, კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა ერთ თანამშრომელს 400 ლარი მისცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საფუძველი – “დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულება” იყო. კერძოდ, რა საქმიანობა გასწია თანამშრომელმა სანიმუშოდ, ინფორმაციაში ნახსენები არ არის.

ყველაზე მეტი – 6 050 ლარი პრემიის და ჯილდოს სახით 20 თანამშრომელზე გასცა ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა.

ფულადი პრემია – 4 600 ლარის ოდენობით გაიყვეს “საახალწლო ღონისძიების მხატვრულ-შემოქმედებით ნაწილში აქტიური მონაწილეობისთვის”, ვაჟთა ფოლკლორული ანსაბლის, “ოდოიას” და ბენდი “ანდერ 7” წევრებმა, საახალწლო ღონისძიების სოლისტებმა და წამყვანებმა.

ასევე, ფულადი ჯილდო მიიღეს ანსაბლ “ჩელას” სამხატვრო ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა. ანსამბლის 50 წლის იუბილესთან და ძმები მოსიების ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით. სულ 1 450 ლარი.

მერიაში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ფულადი ჯილდო გასცეს სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრშიც, წლის მიღწევებისთვის წარმატებულ მოსწავლე-სპორტსმენებსა და მათ მწრთვნელებზე. თუმცა, დოკუმენტში ნახსენებ მოსწავლე-სპორტსმენებზე გაცემული ფულადი ჯილდოს ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის. მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის კობა ქირიას თქმით, მოსწავლე-სპორტსმენები ცენტრის თანამშრომლები არ არიან და ინფორმაციას ვერ გასცემდნენ.

სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრმა ფულადი ჯილდო გადასცა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, მე-2 ადგილის პრიზიორის მწვრთნელს – 2 000 ლარი. ასევე, დანიაში გამართულ კარატეს ჩემპიონატზე, მე-2 ადგილის პრიზიორის მწრთვნელს – 750 ლარი. გარდა ამისა, 1 000 ლარით დააჯილდოვეს კიკბოქსინგის მწვრთნელი.