სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორი: თაკო ფეიქრიშვილი
ვარძიის მიმდებარედ, ნებისმიერი თვითნებური მშენებლობა, კომპლექსის “იუნესკო-ს” ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს ხელს უშლის. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ამ ეტაპზე, ვარძიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირებისთვის, საჭირო დოკუმენტაცია მზადდება.
“პროცესი, რომელიც იქ განვითარდა – ეს იყო აბსოლუტური თვითნებობა“, – ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
მათივე განმარტებით, მსგავსი თვითნებური მშენებლობები ცვლის ძეგლის ისტორიული ლანდშაფტის იერსახეს და ამავდროულად, ზიანს აყენებს ვარძიის კომპლექსის “იუნესკო-ს“ ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს.
“ამ ლანდშაფტის ჩამოყალიბებული, ისტორიული კონტექსტი უნდა იყოს ხელუხლებელი. ქალაქმშენებლობის ყოველგვარი ქაოტური განაშენიანება და თვითნებური მშენებლობები ვნებს ამ პროცესს და პერსპექტივას უსპობს ვარძია-ხერთვისი-ოლდას ერთიანი ლანდშაფტის ნომინაციის პროცესს“, – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.
იმისთვის, რომ ვარძიის ისტორიული კომპლექსი “იუნესკო-ს“ ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს, სახელმწიფოს ძეგლის სრულფასოვანი მართვის გეგმა უნდა გააჩნდეს.
დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გრძელვადიან სტრატეგიას, საკონსერვაციო – სარეაბილიტაციო პროცედურების შესახებ, ასევე – მართვის გეგმას, რომელიც ქალაქმშენებლობისა და დამცავი ზონის განსაზღვრის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს დაექვემდებარება.
ამ დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაწყებულია: “სააგენტოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ დაიქირავოს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ლუიზა დე მარკო, რომლის რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური შენიშვნების საფუძველზე, მართვის გეგმების მომზადება მიმდინარეობს“, – განმარტავს ბარამიძე.
ვარძიის ისტორიული კომპლექსი, “იუნესკო-ს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 24 ოქტომბერს წარადგინა. ეს იყო ე.წ. საცდელი სია, სადაც ვარძია-ხერთვისის კომპლექსთან ერთად, საქართველოში არსებული კიდევ 14 ძეგლი შევიდა: ალავერდი, ანანურის ციხე, კოლხეთის ეკოსისტემა, დავით გარეჯი, დმანისი, გრემი, კვეტერა, მთა-თუშეთი, ნიკორწმინდა, სამთავისი, შატილი, ძველი თბილისი, უფლისციხე და ვანი.
1999 წელს, ნომინაციაზე საქართველომ ძველი თბილისის და ვარძია-ხერთვისის ისტორიული არეალი წარადგინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა ორივე ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულება აღიარა, მაგრამ სტატუსის მიცემა გადაავადა: “2001 წელს, “იუნესკომ“ უთხრა საქართველოს, რომ იგი აღიარებს ვარძიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას, მაგრამ იმისათვის, რომ მის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინირებაზე იმსჯელოს, ჩვენ ზუსტი, გრძელვადიანი სტრატეგია უნდა გაგვაჩნდეს“, – აცხადებენ სააგენტოში.
2019 წლის მარტში, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება მიიღო.
“ამ ეტაპისთვის, ჩვენ სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო კუთხით უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სახელმწიფომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინვესტირება ვარძიის სტრუქტურული მდგრადობის შენარჩუნების, ძეგლის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და მოწყობის მიმართულებით“.
ქალაქმშენებლობის დაგეგმარებისა და დამცავი ზონების დაცვის დოკუმენტაციაზე სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
მას შემედეგ, რაც დოკუმენტაცია სრულყოფილად მომზადდება, ვარძია-ხერთვისი-ოლდას ლანდშაფტი “იუნესკო-ს“ ძეგლთა ნუსხაში შესატანად, კიდევ ერთხელ წარედგინება.
“იუნესკო-ს“ ნუსხაში ძეგლთა შეყვანა ქვეყნისთვის პრესტიჟულია. რაც მეტი ძეგლი აქვს ქვეყანას სიაში, მით უფრო იზრდება მისი ტურისტული პოტენციალი, საერთაშორისო ინვესტიციები და ეკონომიკა.
“იუნესკო” საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს ძეგლებს, უზრუნველყოფს მათთვის ტექნიკურ (საექსპერტო) დახმარებას და აფინანსებს სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებას. კონკრეტული საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების დასახმარებლად, იწყებს საერთაშორისო კამპანიას.
ამ ეტაპზე, “იუნესკო-ს“ ნუსხაში საქართველოდან ოთხი ძეგლია შეტანილი: სვეტიცხოველი (1994 წელი), ჯვრის მონასტერი (1994 წელი), გელათის მონასტერი (1994 წელი) და ზემო სვანეთი(1996 წელი), მსოფლიოს მასშტაბით კი – 878 ძეგლი.