ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოსა და სოფელ გოგაშენში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალქალაქის მერია კუმურდოში 100 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობას წელს გეგმავს, თუმცა მშენებლობისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა ვერ ხერხდება.
“სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ტენდერს მეორედ ვაცხადებთ, პროექტებით დატვირთულები არიან და ალბათ ამიტომ არ გამოჩნდა არავინ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.
კუმურდოში ას ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 301 ათასი ლარია გამოყოფილი.
ახალქალაქის მერის მოადგილის შალვა ბალახაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ბაღის მშენებლობა სოფელ გოგაშენშია დაგეგმილი: “პროექტი შედგენილია და ექსპერტიზაზეა. თანამედროვე სტანდარტების ბაღი ას ბავშვზე იქნება გათვლილი“.
ბალახაძის თქმით, გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 540 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან არის გამოყოფილი.
ახალქალაქის მერის თქმით, ამჟამად კოჩიოსა და კულიკამის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შარშან დაწყებული ჩუნჩხის ბაღის მშენებლობა კი რამდენიმე დღეში დასრულდება.
უნანიანის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში სხვა ბაღის მშენებლობა არ იგეგმება, ოთხ შენობას კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება: “ქალაქის სამივე და სოფელ დილისკას საბავშვო ბაღებს გავარემონტებთ, ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა ეს წელს მოხდება“.