მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება დააფინანსა.
კერძოდ, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრება, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები.
“აღნიშნულ პროექტებს, გამგეობა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 215 ათასი ლარია გათვალისწინებული”, – განმარტეს გამგეობაში.
საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები საცხოვრებელ სახლებზე ზაფხულში დასრულდება.
ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ექვსი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.