პრემიერმინისტრის დავალება მივიღე და მე, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ დავესწრებით ადგილზე მედიაციის პროცესს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის და მათ და კომპანიას შორის შეუთანხმებლობის გამო, სამი მინისტრი ადგილზე ჩავა.
“პირველივე დღიდან მედიაციის პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოენახათ საერთო ენა, შემდგარიყო დიალოგი, რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები პირველ რიგში უნდა წყდებოდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულებს შორის ორმხირივ დიალოგის რეჟიმში. ეს ამ საკითხების ნორმალური გადაწყვეტაა. მაგრამ ვინაიდან საკითხების დიდი ნაწილი, რაც წამოჭრილია, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების ხარისხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე, ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, რათა ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება, სწრაფად. თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე, ჩვენ კი უშუალოდ მედიაციაში ჩავერთვებით“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რის გამოც ჭიათურის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
პარალელურად კი, გაფიცული მუშების ერთი ნაწილი მე-11 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა.