პარტია “თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას ბრალდებას უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის განცხადებით, გოგი წულაიას ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მათმა წარმომაადგენელმა საარჩევნო უბანზე კამათი თავად დაიწო და ეს პრიმიტიული პროვოკაცია იყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ზოგადად, ზესტაფონში მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები და აქტივობა მაღალია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია. საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, მას სთხოვეს უბნიდან გასვლა, საბოლოო ჯამში, იმდენი უწესრიგობა მოაწყო, რომ პოლიციას მისი დაკავება მოუწია. დაჯარიმდება თუ არა სასამართლო გადაწყვეტს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები პროვოკაციებით ცდილობენ, რაღაც სურათი შეცვალონ. ფაქტია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის სოფელ სვირში “თავისუფალი საქართველოს” წევრი დააკავეს. ზესტაფონის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, მათი წარმომადგენელი უბანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი “მკვდარი სულების” გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
რამდენიმე წუთის წინ კი, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი საქართველოს” წევრის, სპრატაკ კაპანაძის პროცესი 24 მაისამდე გადაიდო.