ზესტაფონის ოლქის 26-ე უბანზე, სოფელ სვირში, პოლიციამ პარტია “თავისუფალი საქართველოს” დამკვირვებელი დააკავა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი პარტიის წარმომადგენელმა, სპარტაკ კაპანაძემ აღმოაჩინა, რომ სიაში შეყვანილია ე.წ “მკვდარი სულები”, რის შემდეგაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი და სპარტაკ კაპანაძე დააკავეს. დაკავებული ამჟამად სასამართლოში გადაჰყავთ.
“თავისუფალი საქართველო” სპარტაკ კაპანაძის გათავისუფლებას მოითხოვს და მომხდარის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნებში “თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, გოგი წულაია მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.