ხულოში მიმდინარე არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა 7 საჩივარი დაწერეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” აქტივისტები ამომრჩეველთა სიებით არიან წარმოდგენილნი. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავები და “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
“წინა დღით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 23 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ახლა ამბობენ, რომ შეცდომა არის და ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. 400 ამომრჩევლამდე გაზარდეს რაოდენობა. ყველა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” აქტივისტები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ვერ გაივლის თავისუფლად, რადგან მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გადიან.
7 საჩივარი გვაქვს წარდგენილი და ამ წუთებშიც იწერება დამატებით საჩივრები. ასევე “ქართული ოცნების” აქტივისტები მაისურებით აგიტაციას ეწევიათ. ამასთან, ამომრჩევლებს არჩევნების დღეს სმს-ებით მოუწოდებენ, რომ მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭირონ”,- განაცხადა გია აბულაძემ.