ზუგდიდში მეცხრე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებელი მედიაორგანიზაციიდან “სისგროუპ” გიორგი რურუა ამბობს, რომ გარეთ აწარმოებდა გადაღებას, როცა დააფიქსირა, თუ როგორ აძლევდა “ოცნების” წარმომადგენელი ფულს ამომრჩევლებს. მისივე თქმით, აქვს შესაბამისი კადრები, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე გაასაჯაროვებენ.
აღნიშნული ტერიტორიიდან მოქალაქე პოლიციამ წაიყვანა. ამბობს, რომ ვიღაც პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა და ფეხი დაარტყა.
თავის მხრივ, უბნის თავმჯდომარე ირინა კარტოზია ამბობს, რომ გარეთ რა მოხდა არ იცის, იცის მხოლოდ ის, რაც უბნის შიგნით ხდება. აქ კი, განმარტა – სიმშვიდეა და საჩივრებიც არ დაწერილა.
ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ აღნიშნა, რომ ერთი პირი განარიდეს ტერიტორიას. თქვა, რომ გაარკვევენ ყველაფერს და თუკი საქმე დანაშაულთან გვაქვს, შესაბამისი რეაგირებაც იქნება.