სამცხე–ჯავახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ორმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო

991
დაზიანებული წყლის მილის გამო დატბორილი გზა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა, ადიგენმა და ბორჯომმა დაიწყო, დანარჩენ ოთხში კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში შერჩეული 72 პროექტიდან სამშენებლო სამუშაოები ორზე დაიწყო, 70–ზე კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს.

“არის რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, სადაც ჯერ კიდევ თოვლია და საპროექტო სამუშაოებსაც ვერ ვიწყებთ, თუმცა თვის ბოლომდე, მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, – ამბობს გოდერძი სხირტლაძე.

ადიგენში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 648 000 ლარი დაიხარჯება. თანხის უმეტესი ნაწილი შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება, შემდეგ მოდის სარწყავი და სასმელი წყალი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შერჩეული 34 პროექტიდან, ამ დროისთვის სამი უკვე დასრულებულია, ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, 12 პროექტზე კი სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომში ჯამში 856 000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს, აქ ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების მომზადების ბოლო ვადა პირველი ივნისია.