ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია. გაერთიანებული ოპოზიცია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კანცელარიაში ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაცია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ლაშა გვასალიას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ შესაბამისი მოთხოვნით წერილი მიიტანეს.
“ჯერ არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი, მერე ერთი შეუშვეს, მერე სამი შეუშვეს, ახლა არ ვიცი რა ხდება”, – აცხადება გიორგი ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი საკრებულოს შენობაშია, ნაწილი კი გარეთ არის. მდგომარეობა დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
პარარელურად, შენობის გარეთაც დაპირისპირებაა, სადაც ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელი ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას მიმართავს, რომ უკვე დიდი ხანია აქ დგას და ზემოთ ასვლის საშუალება არ აქვს. წითლიძის თქმით, სწორედ გია დანელიაა ამ საკრებულოს სირცხვილი და მას უნდა უკეტავდნენ კარს. ბესიკ ჭეჟია კი ამბობს, რომ კარი არავისთვის არ არის ჩაკეტილი. მისი თქმით, ძალადობაა ის, რაც ახლა გარეთ ხდება.
ჟურნალისტების ნაწილს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.