ვარკეთილის დასახლებაში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1658

სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

“სამგორის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, რამდენიმე მისამართზე აწარმოებს. წერეთლის ქუჩაზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც ორ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გასულ წელს ამ ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები შეიცვალა. ვარკეთილის დასახლებაში, გასულ წელს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი შიდა ეზოებშიც დაიგო“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა.

პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია :არსაკიძე 2000“ აწარმოებს.