ქუთაისში ოლიმპიური აუზის პროექტირების საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
საკონსულტაციო მომსახურება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.
მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთავრობამ თანხა 30 აპრილის განკარგულებით გამოყო.
დოკუმენტის მიხედვით, აუზის პროექტირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. საცურაო აუზის სიგრძე კი 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. ამასთან, აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის პროექტი გასახდელების და საშხაპეების მოწყობას უნდა ითვალისწინებდეს. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
საცურაო აუზის მშენებლობა ქუთაისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბაშიძის ქუჩაზე იგეგმება. ფონდმა ტენდერი ერთხელ უკვე გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქს ეკონომიკის სამინისტროსაგან 40 ათასი კვ.მ ტერიტორია გადაეცა, საიდანაც 12 ათასი კვადრატულ მეტრს აუზისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დანარჩენ სივრცეს კი ინვესტირებისთვის გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს.